შვედეთის ეკონომიკა მხოლოდ მაშინ გაძლიერდება, თუ მთავრობა შეწყვეტს მოქმედებას ინგლისური საფეხბურთო კლუბ „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ მსგავსად, – აცხადებს ქვეყნის ყოფილი ფინანსთა მინისტრი. ოპოზიციონერი სოციალ-დემოკრატების წარმომადგენელმა მიქაელ დამბერგმა საპარლამენტო დებატები გამოიყენა იმისთვის, რომ მთავრობის ეკონომიკური მენეჯმენტი ჩრდილოეთ ლონდონის საფეხბურთო კლუბის პრობლემებთან შეედარებინა. დამბერგმა „სპურსი“ აღწერა, როგორც „ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, მდიდარი კლუბი უზარმაზარი სტადიონით, თავდადებული და მრავალრიცხოვანი გულშემატკივრით – ყველაფრით, რაც საჭიროა ტოპ გუნდისთვის“. „მიუხედავად ამისა, „ტოტენჰემი“ კრიზისშია. ის ცხრილის ქვედა ნაწილში იბრძვის, გავარდნის ზონიდან სულ რამდენიმე ქულით არის დაშორებული. ეს არ ხდება იმიტომ, რომ მათ რესურსები აკლიათ ან უპირატესობები არ აქვთ, არამედ იმიტომ, რომ მათ საკუთარი შესაძლებლობები გაფლანგეს“, – თქვა მან. „ტოტენჰემი“ ამჟამად პრემიერლიგის 20-გუნდიან ცხრილში მე-16 ადგილზეა, გავარდნის ზონიდან მხოლოდ ხუთი ქულით დაშორებული. მათ ამ თვის დასაწყისში მთავარი მწვრთნელი, თომას ფრანკი გაათავისუფლეს და ის იგორ ტუდორით ჩაანაცვლეს. დამბერგმა, რომელიც ფინანსთა მინისტრი 2021-2022 წლებში იყო, განაცხადა, რომ სიტყვა „სპერსი“ (Spursy) გამოიყენება „როდესაც გაქვს შესაძლებლობები, მაგრამ შედეგს ვერ აღწევ“. მისი თქმით, „შვედეთის ეკონომიკის აყვავებისთვის პირობები არსებობს, მაგრამ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო... მთავრობა რისკავს შვედეთი „სპერსი“ გახადოს“. „შვედეთი ვერ იმოქმედებს „ტოტენჰემის“ მსგავსად.“ „ტოტენჰემის“ შემადგენლობაში ორი შვედი ფეხბურთელი – დეიან კულუშევსკი და ლუკას ბერგვალი თამაშობს.