კატალონიის სახანძრო სამსახურის ცნობით, ორშაბათს, ადგილობრივი დროით 21:00 საათის შემდეგ მალევე, ბარსელონადან დაახლოებით 80 კმ-ით ჩრდილოეთით მდებარე პატარა ქალაქ მანლიეუში, ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად ხუთი ახალგაზრდა დაიღუპა. მოსახლეობამ განგაში ხანძრის შესახებ მას შემდეგ ატეხა, რაც ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის სათავსოს მოედო. ინციდენტის შედეგად კიდევ ოთხი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. გარდაცვლილთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გავრცელებული ცნობებით, მათ შორის ბავშვებიც იყვნენ და არცერთი მათგანი შენობაში არ ცხოვრობდა. მეხანძრეების განცხადებით, გაუგებარია, რატომ ვერ მოახერხეს მათ სათავსოდან გაქცევა, რომელიც შენობის ზედა სართულზე მდებარეობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება. ერთ-ერთი გარდაცვლილი ახალგაზრდის ბაბუამ La Vanguardia-ს განუცხადა, რომ ბიჭები ამ სათავსოს, რომელიც სავარაუდოდ, საცხოვრებელ ფართად იყო გადაკეთებული, ერთმანეთთან შესახვედრად იყენებდნენ. მსხვერპლთა შესახებ ოფიციალური დეტალები არ დადასტურებულა, თუმცა თვითმხილველებმა ადგილობრივ მედიას განუცხადეს, რომ მათი ასაკი 14-დან 18 წლამდე იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაზარალებულებს დახმარებას უწევს და სამგლოვიარო დღეები გამოაცხადა. კატალონიის პრეზიდენტმა სალვადორ ილია როკამ განაცხადა, რომ შოკირებულია გარდაცვლილთა გამო და ღრმა მწუხარება გამოთქვა ოჯახებისა და მეგობრების მიმართ.