რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მყვინთავებმა ამოასვენეს შვიდი ჩინელი ტურისტისა და ერთი რუსი მძღოლის ცხედრები, რომლებიც დაიღუპნენ მას შემდეგ, რაც მათი მიკროავტობუსი ციმბირში, ბაიკალის ტბის ფსკერზე, ყინულქვეშ ჩაიძირა. ირკუტსკის რეგიონის გუბერნატორმა იგორ კობზევმა გარდაცვლილთა ოჯახებსა და მეგობრებს „ღრმა თანაგრძნობა“ გამოუცხადა. მანამდე მან აღნიშნა, რომ ერთმა ჩინელმა ტურისტმა გაქცევა მოახერხა. პარასკევს მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილზე სიღრმე 18 მეტრი იყო და მყვინთავებს ცხედრების მოსაძებნად წყალქვეშა კამერების გამოყენება მოუწიათ. ბაიკალი – მსოფლიოს ყველაზე ღრმა ტბა, რომლის მაქსიმალური სიღრმე 1642 მეტრია – პოპულარული ტურისტული ადგილია. ის ხშირად იყინება მკაცრი ზამთრის პერიოდში და წლების განმავლობაში არაერთი ფატალური შემთხვევის მოწმე გამხდარა. ავტობუსი პარასკევს სამმეტრიანი სიგანის ყინულის ნაპრალში ჩავარდა, განაცხადა კობზევმა Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. „კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ბაიკალის ტბის ყინულზე გასვლა ამჟამად არა მხოლოდ აკრძალულია, არამედ სასიკვდილოდ საშიშია“, - თქვა გუბერნატორმა და ტურისტებს მოუწოდა, გამოიყენონ მხოლოდ ოფიციალური ტუროპერატორების მომსახურება. მან დასძინა, რომ ყველა ჩინელი ტურისტი – მათ შორის 14 წლის ბავშვი – დამოუკიდებლად მოგზაურობდა. ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების გამოძიება მიმდინარეობს. მალევე კობზევმა კვლავ გამოაქვეყნა განცხადება სოციალურ ქსელში, სადაც ნათქვამია: „სამწუხაროდ, ამ ტრაგედიამაც კი ვერ ასწავლა ხალხს ჭკუა“, და აცნობა, რომ პარასკევსა და შაბათს ორ ცალკეულ ინციდენტში მანქანებში ჩარჩენილი ექვსი ადამიანი გადაარჩინეს. იანვრის ბოლოს, ჩინელი ტურისტი დაიღუპა მას შემდეგ, რაც მანქანა, რომლითაც ის მგზავრობდა, ბაიკალის ტბის გაყინულ ზედაპირზე გადატრიალდა.