წლის ამ დროს, სათხილამურო სეზონის პიკში, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზვავების შესახებ ახალი ამბები უჩვეულო არ არის. თუმცა, სამშაბათს კალიფორნიაში მომხდარმა ფატალურმა ინციდენტმა, რომელმაც რვა მოთხილამურის სიცოცხლე იმსხვერპლა და ერთი დაკარგულად გამოაცხადა, ისევე როგორც რთულმა სიტუაციამ ალპების დიდ ნაწილში – სადაც წელს ჩვეულებრივზე მეტი მსხვერპლია – ყურადღების ცენტრში მოაქცია ზვავები და ზამთრის სპორტის მოყვარულთა მზადყოფნის საკითხი მათთან გამკლავებისთვის. ეს ორი სიტუაცია, ერთი შეხედვით, ძალიან განსხვავებულია. კალიფორნია, ეგრეთ წოდებული, „თოვლის გვალვის“ პერიოდიდან გამოდის და ექსპერტები ბოლო ნალექს განსაკუთრებულად არ მიიჩნევენ. მაგრამ გვალვები, რასაც ინტენსიური თოვლი მოჰყვება, პრობლემებს ქმნის – ახალი თოვლი ვერ ეკვრის ქვეშ არსებულ ძველ თოვლს, რომელიც შეიძლება იყოს ძალიან მკვრივი ან საერთოდ არ არსებობდეს, რის გამოც ფხვიერი რჩება. ევროპაში კი, ერთი კვირის განმავლობაში ორი ძლიერი ქარბუქი დაფიქსირდა და დიდი რაოდენობით თოვლი ძლიერ ქართან ერთად, რამაც ალპების უჩვეულოდ დიდ ნაწილში ზვავის საფრთხის მაღალი დონე გამოიწვია. სეზონის განმავლობაში მომხდარ ინციდენტებში დაღუპულ ათობით ადამიანს შორის სამი ბრიტანელი იყო. ერთ-ერთმა ალპურმა კურორტმა განაცხადა, რომ ამჟამინდელი პირობები შესაძლოა მიმდინარე საუკუნეში ყველაზე მძიმე იყოს. ბოლო თოვლმა ასევე გამოიწვია რამდენიმე დასახლებული პუნქტის ევაკუაცია შვეიცარიასა და ჩრდილოეთ იტალიაში, ელექტროენერგიის გათიშვა და მატარებლის რელსებიდან გადასვლა შვეიცარიის სამხრეთ-დასავლეთ კანტონ ვალესში, ქალაქ გოპენშტაინთან. მაგრამ არის თუ არა კავშირი ევროპასა და კალიფორნიაში მომხდარ მოვლენებს შორის? კლიმატის ცვლილება, შესაძლოა, აშკარა დამნაშავედ მოგვეჩვენოს არასტაბილურ ამინდის პირობებში, რომლებმაც ეს ყველაფერი გამოიწვია. „არსებობს მტკიცებულება, რომ კლიმატის ცვლილება გამოიწვევს უფრო მკვეთრ, ინტენსიურ ნალექებს, რასაც ხანგრძლივი მშრალი პერიოდები მოჰყვება“, – განუცხადა BBC-ს სიმონ მეისონმა, SEI US-ის უფროსმა მეცნიერმა. როგორც ჩანს, ასეთი სიტუაციაა ევროპაშიც, სადაც ბოლო დროს რამდენიმე სეზონი იყო საშუალოზე დაბალი თოვლის საფარით და ამ სეზონის ადრეულ ნაწილშიც აღინიშნა მშრალი პერიოდები. „თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ზვავის რისკს მრავალი ფაქტორი აკონტროლებს და ნალექი მხოლოდ ერთი მათგანია, რთულია იმის პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება რისკები კლიმატის სამომავლო ცვლილებების ფონზე“, – აღნიშნა მეისონმა. კლიმატოლოგმა კრისტოფ მარტიმ შვეიცარიულ გამოცემა SRF-ს განუცხადა, რომ ალპების ამჟამინდელი ზამთარი – სადაც ამინდს ბოლო დრომდე მაღალი წნევა და რამდენიმე ხანგრძლივი, მშრალი პერიოდი დომინირებდა – ტიპური კლიმატის ცვლილების ზამთრის სრულიად საპირისპიროა. შვეიცარიის თოვლისა და ზვავის კვლევის ფედერალური ინსტიტუტის წარმომადგენელმა ბენჯამინ ცვაიფელმა BBC-ს განუცხადა, რომ ქარბუქები „მხოლოდ ერთი ნაწილია ამ თავსატეხისა“. „ამ ზამთრის მთავარი გამოწვევა იყო ძალიან სუსტი თოვლის საფარი [თოვლის დაგროვება, რომელიც სეზონურად იკუმშება და დნება] ძალიან მდგრადი სუსტი ფენებით, რაც ახალი თოვლის გარეშე ხანგრძლივი პერიოდებით და დაბალი ტემპერატურით იყო გამოწვეული“, – თქვა მან. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური დათბობა გავლენას ახდენს ამინდის სტრუქტურაზე, ტემპერატურას თავისთავად ასევე შეუძლია ზვავებზე პირდაპირი გავლენა მოახდინოს. აშშ-ის ჩრდილოეთ კლდოვანი მთების სამეცნიერო ცენტრის მონაცემებით, სველი თოვლის ზვავები – რომლებიც, სავარაუდოდ, უფრო ხშირი გახდება ტემპერატურის მატებასთან ერთად – საშიშია, ძნელად პროგნოზირებადი და შედარებით ნაკლებად შესწავლილი მშრალი თოვლის ეკვივალენტთან შედარებით. „სველი თოვლის ზვავები გამოწვეულია თოვლის საფარის სიმტკიცის შესუსტებით, რაც ხშირად წვიმამ, უხვმა მზემ ან მაღალმა ტემპერატურამ იწვევს“, – ნათქვამია ცენტრის სტატიაში სველი თოვლის ზვავების კვლევის შესახებ, სადაც დამატებულია, რომ მათი სიხშირე, სავარაუდოდ, გაიზრდება ტემპერატურის ცვლილებებთან ერთად. ჟურნალ Frontiers in Physiology-ში გამოქვეყნებული 2021 წლის კვლევა ვარაუდობს, რომ სველმა და თბილმა თოვლმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ადამიანის ზვავში გადარჩენის შანსებზე, ხოლო თხელი თოვლის საფარი, შესაძლოა, ზრდიდეს ბლაგვი ტრავმების რისკს. ზოგადად, როგორც ჩანს, ზვავების დინამიკას ოთხი დესტაბილიზაციის ფაქტორი ცვლის – გვალვებსა და ძლიერ ნალექებს შორის მონაცვლეობა, თავად ნალექი, სველი თოვლი და თოვლი, რომელიც ფაქტობრივად დნება. ბლეზ აგრესტი, შამონის მაღალმთიანი გიდი, ფრანგულ რადიო Sud-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ევროპაში ზვავების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არსებობს – მოთხილამურეთა ქცევის ცვლილება და რისკის უფრო მაღალი დონე. „ადამიანები სულ უფრო ხშირად სრიალებენ ტრასის გარეთ (off-piste). მოთხილამურეთა 25% ტრასიდან გადადის“, – თქვა მან. მარკირებული ტრასები, როგორც წესი, დაცულია პრევენციული ზვავის აფეთქებით, ხოლო თოვლი გაბრტყელებული და დატკეპნილია რისკის კიდევ უფრო შესამცირებლად. თუ ზვავის საშიშროება კვლავ რჩება, ტრასები შეიძლება დაიხუროს, როგორც ეს ბოლო გაფრთხილებების დროს მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ პროგნოზირებისა და აფეთქების მეთოდები ბოლო წლებში გაუმჯობესდა, ზვავის დარტყმა უსაფრთხოდ გამოცხადებულ ტრასებზე მაინც შესაძლებელია. ნულოვანი რისკი არ არსებობს და სასურველია, თავი შეიკავოთ იმ ტრასებისგან, რომლებიც მთის ფერდობების ქვეშაა მოქცეული ფხვიერი თოვლით. ზოგჯერ კურორტებს შეუძლიათ უფრო ფართო საფრთხის აღმოჩენა. საფრანგეთის კურორტებმა ტინიემ და ვალ დ’იზერმა ზვავის საფრთხის გამო, სრული ჩაკეტვაც კი დააწესეს, რამაც მოსახლეობა და ტურისტები შენობებში დარჩენა აიძულა. თუმცა, ზოგადად, კურორტები ტურისტებს ტრასის გარეთ გასვლას არ უკრძალავენ, ამიტომ მათ მხოლოდ გაფრთხილებებისა და ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ.