უკრაინის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიურო (NABU) აცხადებს, რომ ქვეყნის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, გერმან გალუშჩენკო, რომელიც ნოემბერში მასშტაბური კორუფციული სკანდალის ფონზე გადადგა თანამდებობიდან, უკრაინის საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს. „დღეს, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას, NABU-ს დეტექტივებმა ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი „მიდასის“ საქმის ფარგლებში დააკავეს“, - ნათქვამია NABU-ს განცხადებაში. განცხადებაში გალუშჩენკოს სახელი არ იყო დასახელებული, თუმცა ის გასულ წელს ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრად მსახურობდა და ნოემბერში გადადგა თანამდებობიდან. „წინასწარი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, რომლებიც ხორციელდება კანონის მოთხოვნებისა და სასამართლოს სანქციების შესაბამისად. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - დასძინა NABU-მ. გალუშჩენკო იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე მინისტრთაგანი, რომელიც 2025 წელს გადადგა, მას შემდეგ რაც NABU-მ ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში ფულის გათეთრების სავარაუდო შეთქმულება გამოავლინა, რომელიც გამომძიებლების ვარაუდით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოკავშირის მიერ იყო ორკესტრირებული. უკრაინის სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის (SAPO) ინფორმაციით, სავარაუდო 100 მილიონი დოლარის სქემა ბიზნესმენმა თემურ მინდიჩმა მოაწყო. SAPO-ს გამომძიებლები აცხადებენ, რომ გალუშჩენკო მინდიჩს ენერგეტიკის სექტორში უკანონო ფინანსური ნაკადების მართვაში ეხმარებოდა, ხოლო Energoatom-თან მომუშავე კონტრაქტორები იძულებულნი იყვნენ გადაეხადათ ქრთამი 10-დან 15 პროცენტამდე, რათა თავიდან აეცილებინათ კონტრაქტების დაკარგვა ან გადახდის შეფერხებები. უკრაინის წინა ორმა ენერგეტიკის მინისტრმა თანამდებობა დატოვა სკანდალის გამო, რამაც ასევე ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის სამსახურიც შეიწირა. ორივე მინისტრი და ადმინისტრაციის უფროსი ყველა ბრალდებას უარყოფენ. კორუფციასთან ბრძოლა უკრაინის რეფორმების მთავარი პრიორიტეტია, რადგან ის ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს, რაც ქვეყნისგან ათწლეულების მანძილზე არსებული კორუფციის აღმოფხვრას მოითხოვს. ბოლო კვირებში ხელისუფლებამ სხვადასხვა ბრალდებით მიზანში ამოიღო პარლამენტარები, ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო და პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი.