სომალის თავდაცვის მინისტრმა, აჰმედ მოალიმ ფიქიმ, „X“-ზე განაცხადა, რომ მან და საუდის არაბეთის პრინცმა ხალიდ ბინ სალმანმა რიადში სამხედრო შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რითაც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალი თავი გაიხსნა. ზუსტი დეტალები არ გასაჯარავებულა, თუმცა, სომალის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ურთიერთგაგების მემორანდუმი „აძლიერებს თავდაცვით და სამხედრო თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის და მოიცავს საერთო ინტერესის მრავალ სფეროს“. ცალკე განცხადებაში, პრინცმა ხალიდ ბინ სალმანმა „X“-ზე დაწერა: „ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინდუსტრიის მომავალთან დაკავშირებული საკითხები და შესაძლებლობები აღვნიშნეთ“. მისი განცხადება სომალის, სლოვაკეთის, მალაიზიისა და სამხრეთ კორეის თავდაცვის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. სომალის სამხედრო შეთანხმება საუდის არაბეთთან გაფორმდა ისრაელის განცხადებიდან რამდენიმე კვირაში, რომლის მიხედვითაც ის სომალილენდს, სომალის ჩრდილოეთით მდებარე სეცესიონისტურ რეგიონს, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებდა. სომალიმ მკაცრად უარყო ისრაელის ნაბიჯი და განაცხადა, რომ ეს მის საშინაო საქმეებში ჩარევას წარმოადგენს. გასულ თვეს, სომალის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ განაცხადა, რომ სომალიმ ყატართანაც მოაწერა ხელი თავდაცვით პაქტს, რომელიც ასევე მიზნად ისახავს „სამხედრო კავშირებისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის გაძლიერებას“. სააგენტოს ცნობით, პაქტი ძირითადად სამხედრო წვრთნებსა და უსაფრთხოებაზე იყო ორიენტირებული. „BBC Somali“-ის ყოფილმა რედაქტორმა და აფრიკის რქის რეგიონის ანალიტიკოსმა, აბდულა აბდი შეიხმა, DW-ს განუცხადა, რომ შეთანხმება „ორივე ქვეყნისთვის ბევრს ნიშნავს“. „საუდის არაბეთისთვის ეს გავლენის გაფართოებას და ადენის ყურეში გავრცელებას ნიშნავს, რომელიც ასევე ესაზღვრება ბაბ-ელ-მანდების სტრატეგიულად მნიშვნელოვან რაიონს, რაც გადამწყვეტია გლობალური ვაჭრობისთვის“, – განმარტა მან და დასძინა, რომ გლობალური გადაზიდვების არანაკლებ 10% ამ ტერიტორიაზე გადის. „საუდის არაბეთი ცდილობს, სომალიზე საკუთარი გავლენა გაავრცელოს, სომალი კი საუდის არაბეთთან ახალი ურთიერთობით ცდილობს სარგებლის მიღებას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქვეყანას არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან [UAE] რთული ურთიერთობა ჰქონდა“, – განუცხადა აბდი შეიხმა DW-ს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, არაბთა გაერთიანებული საამიროები აფრიკის რქის რეგიონში (რომელშიც შედის სუდანი, სომალი, ეთიოპია, ერითრეა და ჯიბუტი) გავლენიან მოთამაშედ იქცა. ეს გამოიხატა მრავალმილიარდიანი ინვესტიციებით, აქტიური დიპლომატიითა და ფარული სამხედრო მხარდაჭერით. არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთს შორის მზარდი მეტოქეობა იემენის კონფლიქტსა და წითელ ზღვაზე გავლენისთვის ბრძოლას გასცდა. ახლა, როგორც ჩანს, აფრიკის რქის რეგიონი ორივე ქვეყნის ყურადღების ცენტრშია. გასულ კვირას, აფრიკის კავშირის სამიტზე, ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა Reuters-ს განუცხადა: „საუდის არაბეთი გამოფხიზლდა და გააცნობიერა, რომ შესაძლოა, წითელი ზღვა დაკარგოს“. ამასობაში, აბდი შეიხმა განაცხადა, რომ სომალი-საუდის არაბეთის სამხედრო შეთანხმება სომალის დაეხმარება საკუთარი საზღვაო უსაფრთხოების გაკონტროლებაში, ტერორიზმთან ბრძოლის პარალელურად. „ის ასევე ხელს უწყობს იმ ქვეყნების გავლენის შემცირებას, რომლებიც, აღქმით, თანაუგრძნობენ ისრაელის მიერ სომალილენდის აღიარებას“, – თქვა მან. სომალიმ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს დაადანაშაულა ისრაელის ნაბიჯის ხელშეწყობაში, რომლის მიხედვითაც ის სომალილენდს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს, რაც სომალის სუვერენიტეტის დარღვევად მიიჩნევს. იანვარში სომალიმ გააუქმა ყველა შეთანხმება, რომელიც მას არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ჰქონდა, მათ შორის პორტების ოპერირების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის შეთანხმებები. შეიხი სომალის შეთანხმებას საუდის არაბეთთან აღწერს, როგორც „საჭადრაკო სვლას ისრაელისა და მისი აღქმული მოკავშირეების წინააღმდეგ“. სომალის პრეზიდენტმა ჰასან შეიხ მოჰამუდმა განაცხადა, რომ სომალი არასოდეს დაუშვებს ისრაელის ბაზის შექმნას სომალილენდში და პირობა დადო, რომ „დაუპირისპირდება“ ნებისმიერ ასეთ ნაბიჯს. ჰასან ჰილოვლე აბუკარმა, სომალელმა უსაფრთხოების ანალიტიკოსმა, DW-ს განუცხადა: „საუდის არაბეთთან ხელმოწერილ თანამშრომლობას მრავალი სარგებელი მოაქვს, რაც საშუალებას მოგვცემს ამ და სხვა საკითხებს გავუმკლავდეთ“, – განმარტა მან და დასძინა, რომ სომალი ათწლეულების განმავლობაში განიცდიდა არასტაბილურობასა და მეამბოხე ძალადობას, განსაკუთრებით „აშ-შაბააბისგან“. აბუკარმა DW-ს განუცხადა, რომ სომალის ეროვნული არმიის წვრთნა, აღჭურვა და პროფესიონალიზაცია გააძლიერებს სომალის თავდაცვით შესაძლებლობებს და გააუმჯობესებს კონტრტერორისტულ თანამშრომლობას, რადგან ორივე ქვეყანა გაუზიარებს ერთმანეთს დაზვერვის მონაცემებს. მოგადიშუში მცხოვრებმა სომალელმა მოქალაქემ, მოჰამედ აბდულაიმ, განაცხადა, რომ თანამშრომლობის შეთანხმება სომალისთვის კრიტიკულ დროს მოდის, „რადგან სომალის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა გამოიცადა, განსაკუთრებით ისრაელის მიერ სომალილენდის აღიარების შემდეგ“. მან დაამატა, რომ შეთანხმება „უზრუნველყოფს არა მხოლოდ სამხედრო დახმარებას, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მხარდაჭერას“.