შრი-ლანკის კრიმინალურმა გამომძიებლებმა ქვეყნის დაზვერვის ყოფილი უფროსი დააკავეს, რომელიც 2019 წლის აღდგომის კვირას მომხდარ აფეთქებებთანაა დაკავშირებული. თავდასხმებს 279 ადამიანი ემსხვერპლა და ქვეყნის ტურისტულ ეკონომიკურ სიცოცხლის ხაზს დიდი ზიანი მიაყენა, განაცხადა პოლიციამ. გადამდგარი გენერალ-მაიორი სურეშ სალეი დედაქალაქის გარეუბანში გამთენიისას აიყვანეს პატიმრობაში, განაცხადა პოლიციამ ოთხშაბათს. „ის დააკავეს აღდგომის კვირის თავდასხმებში შეთქმულებისა და ხელშეწყობის ბრალდებით“, - განუცხადა AFP-ს საინფორმაციო სააგენტოს გამომძიებელმა ოფიცერმა. სალეის, რომელიც 2019 წელს, გოტაბაია რაჯაპაქსას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის (SIS) უფროსად დააწინაურეს, კოორდინირებულ თვითმკვლელ ტერაქტებში მონაწილეობაში ედებოდა ბრალი, რაც მან უარყო. თითქმის ერთდროული ექვსი თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმა აღდგომის მსახურებაზე შეკრებილ მრევლს სამ ეკლესიაში და სამ ფეშენებელურ სასტუმროში, საუზმის დროს, დაატყდა თავს. აფეთქებების შედეგად 500-ზე მეტი ადამი დაშავდა, ასევე დაიღუპა 45 უცხო ქვეყნის მოქალაქე და სერიოზული დარტყმა მიაყენა კუნძულის სასიცოცხლო ტურიზმის სექტორს. შემდგომ პერიოდში, ოფიციალურმა პირებმა თვითმკვლელ ტერაქტებში ადგილობრივი შეიარაღებული დაჯგუფება დაადანაშაულეს, თუმცა სალეის თავდასხმის ორგანიზებაც ედებოდა ბრალად. ბრიტანულმა ტელეარხმა Channel 4-მა 2023 წელს განაცხადა, რომ სალეი დაკავშირებული იყო ტერორისტებთან და მათ თავდასხმამდე შეხვდა. ერთ-ერთმა ინფორმატორმა არხს განუცხადა, რომ მან თავდასხმის განხორციელების ნება დართო იმ მიზნით, რომ გავლენა მოეხდინა იმავე წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რაჯაპაქსას სასარგებლოდ. აფეთქებებიდან ორი დღის შემდეგ, რაჯაპაქსამ საკუთარი კანდიდატურა წარადგინა და ნოემბრის არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ძალადობის აღმოფხვრის დაპირებით. სალეი რაჯაპაქსას გამარჯვების შემდეგ შრი-ლანკის მთავარი სადაზვერვო სააგენტოს, SIS-ის ხელმძღვანელად დააწინაურეს, მაგრამ ის გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ანურა კუმარა დისანაკემ 2024 წელს მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები და თავდასხმის უკან მდგომი პირების დევნა აღუთქვა. სხვა გამოძიებებმა ხელისუფლება დაადანაშაულა ინდოეთის სადაზვერვო სააგენტოს გაფრთხილებებზე რეაგირების შეუსრულებლობისთვის, რომ თავდასხმა გარდაუვალი იყო. 2023 წელს შრი-ლანკის უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მაითრიპალა სირისენამ და ოთხმა სხვა მაღალჩინოსანმა ვერ შეაჩერეს აფეთქებები. მან სირისენას დაავალა პირადად გადაეხადა 100 მილიონი რუპია (273,300 აშშ დოლარი) კომპენსაციის სახით მსხვერპლთა ნათესავებისთვის, რომლებმაც სამოქალაქო საქმე შეიტანეს. მაშინდელ პოლიციის უფროსს, ორ მაღალი რანგის დაზვერვის ოფიცერს და თავდაცვის სამინისტროს მდივანს ერთობლივად დაევალა დამატებით 210 მილიონი რუპიის (574,000 აშშ დოლარი) გადახდა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შრი-ლანკას სთხოვა გამოექვეყნებინა აფეთქებების წინა გამოძიებების ის ნაწილები, რომლებიც საზოგადოებისთვის იყო დამალული.