ორივე მხარის ცნობით, პაკისტანმა ქაბულში, ყანდაჰარში და პაქტიაში სამიზნეები დაბომბა, რაც ბოლო პერიოდის საპასუხო თავდასხმების ესკალაციაა. პაკისტანმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულსა და სხვა ქალაქებს დარტყმები მიაყენა, აცხადებს რა, რომ ასობით ავღანელი თალიბი მებრძოლი მოკლა. თავდაცვის მინისტრის, ხავაჯა ასიფის თქმით, ისლამაბადი ახლა „ღია ომს“ დაიწყებს, ავღანეთი კი ასევე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. მეზობლებს შორის მწვავე დაძაბულობის სრულმასშტაბიან კონფლიქტში გადასვლის ფონზე, ასიფმა პარასკევს განაცხადა, რომ მის ქვეყანას „მოთმინება ამოეწურა“ ავღანეთის თალიბანის ხელისუფლებასთან მიმართებით, რასაც წინ უძღოდა ავღანური ძალების თავდასხმები პაკისტანის სამხედრო პოზიციებზე მათ საერთო საზღვარზე. ასიფმა თავდასხმა იმგვარად წარმოაჩინა, თითქოს მისი ქვეყანა იძულებული იყო ეპასუხა ავღანეთის „აგრესიის“ შემდეგ. პაკისტანის სამხედროებმა მოგვიანებით განაცხადეს, რომ მათი ოპერაცია ავღანეთში პრემიერ-მინისტრის „მითითებით“ გრძელდებოდა. ალ-ჯაზირას ჟურნალისტმა ქამალ ჰაიდერმა, რომელიც პაკისტანის ქალაქ პეშავარიდან იუწყება, განაცხადა, რომ მისმა გუნდმა მოახერხა ლანდი კოტალის დასახლებამდე მიღწევა, ავღანეთთან თორხამის სასაზღვრო გადასასვლელთან ახლოს, სადაც მათ მიმდინარე შეტაკებების დაკვირვება შეძლეს. „ჩვენ შეგვეძლო დაგვენახა და მოგვესმინა პაკისტანის მხრიდან გამავალი ცეცხლი, რომელიც მძიმე არტილერიას ჰგავს“, – განაცხადა მან. საინფორმაციო სააგენტო AFP-ის ცნობით, ავღანელი ჯარები პარასკევს დილით საზღვრისკენ მიემართებოდნენ. ორივე მხარე აცხადებს, რომ ერთმანეთს სერიოზული დანაკარგები მიაყენეს, თავად კი მსხვერპლი განიცადეს. პაკისტანის სამხედროების ცნობით, 274 თალიბი მებრძოლი დაიღუპა და 400-ზე მეტი დაშავდა 22 ლოკაციაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად. მათი თქმით, 83 თალიბანის პოსტი განადგურდა და 17 სხვა დაიკავეს. მათ განაცხადეს, რომ 12 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა, 27 დაშავდა, ხოლო ერთი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ავღანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ პარასკევს შუაღამისას დასრულებული თავდასხმების შედეგად 55 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა, მათ შორის ზოგიერთის ცხედარი ავღანეთში გადაასვენეს, ხოლო „რამდენიმე სხვა ცოცხლად იქნა აყვანილი“. მათი თქმით, რვა ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა და 11 დაიჭრა. ალ-ჯაზირამ ვერ შეძლო დამოუკიდებლად გადაემოწმებინა ორივე მხარის მიერ მოწოდებული მსხვერპლის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია. ავღანეთის მთავრობის სპიკერმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ პაკისტანის სამხედროებმა დარტყმები მიაყენეს ქაბულში, ყანდაჰარში, პაქტიასა და ჯალალაბადში მდებარე სამიზნეებს. განცხადებაში მან თქვა, რომ დარტყმებმა დააზიანა „უდანაშაულო მოქალაქეები, ბავშვები და ქალები“, მათ შორის ფერმერის სახლის დაბომბვა ჯალალაბადში, რომელმაც მისი ოჯახის უმეტესი ნაწილი იმსხვერპლა, და თავდასხმა ბავშვთა რელიგიურ სკოლაზე პაქტიკაში. პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ მისი მთავრობა პაკისტანთან „დიალოგს“ ისურვებდა მიმდინარე ბრძოლების მოსაგვარებლად, და დასძინა, რომ პაკისტანის სადაზვერვო თვითმფრინავები კვლავ დაფრინავდნენ ავღანეთის საჰაერო სივრცეში. „ჩვენ არაერთხელ გავამახვილეთ ყურადღება მშვიდობიან გადაწყვეტაზე და კვლავ გვსურს, რომ პრობლემა დიალოგის გზით მოგვარდეს“, – განაცხადა მუჯაჰიდმა. პაკისტანის ინფორმაციის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ის ავღანელი თალიბანის ძალებს მიზნად ისახავდა პაკისტანის ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის რამდენიმე რაიონში – ჩიტრალში, ხაიბერში, მოჰმანდში, ქურამსა და ბაჯაურში. ავღანეთმა „წარმატებით განახორციელა“ საჰაერო დარტყმები დრონების გამოყენებით პაკისტანში სამხედრო სამიზნეებზე, განაცხადეს მისმა თავდაცვის სამინისტრომ და მთავრობის სპიკერმა პარასკევს, შეტაკებების გაგრძელების ფონზე. პაკისტანის ინფორმაციის მინისტრმა ატაულაჰ ტარარმა განაცხადა, რომ პაკისტანის თალიბანის მებრძოლები ცდილობდნენ დრონების გამოყენებას პაკისტანში სამიზნეების წინააღმდეგ, მაგრამ ისინი ჩამოაგდეს ანტიდრონულმა სისტემებმა და „სიცოცხლისთვის ზიანი არ მიუყენებია“. პაკისტანის დარტყმები მას შემდეგ განხორციელდა, რაც ავღანეთმა განაცხადა, რომ ხუთშაბათს, ორი ქვეყნის საერთო საზღვარზე, პაკისტანის სამხედრო პოზიციებისა და დანადგარების წინააღმდეგ „ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციები“ განახორციელა. მისი თქმით, თავდასხმების შედეგად დაღუპული ათობით პაკისტანელი ჯარისკაცის გარდა, განადგურდა 19 პაკისტანის არმიის პოსტი და ორი ბაზა. სამინისტროს ცნობით, ბრძოლა შუაღამისას, ხუთშაბათს დაწყებიდან დაახლოებით ოთხი საათის შემდეგ დასრულდა. პაკისტანმა განაცხადა, რომ მისი თავდასხმების შედეგად კვირას სულ მცირე 70 მებრძოლი დაიღუპა, თუმცა ავღანეთმა ეს განცხადება უარყო და თქვა, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. პაკისტანის პრემიერ-მინისტრის შეჰბაზ შარიფის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ მთელი ქვეყანა პაკისტანის შეიარაღებული ძალების უკან გაერთიანდა. „პაკისტანის ხალხი და მისი შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში არიან დაიცვან ერის უსაფრთხოება, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, – ნათქვამია განცხადებაში. „საყვარელი სამშობლოს დაცვაში არავითარი შემწყნარებლობა არ იქნება და ნებისმიერ აგრესიას შესაბამისი პასუხი მოჰყვება“. პაკისტანსა და ავღანეთს შორის, რომლებსაც 2 611 კილომეტრიანი (1 622 მილი) საზღვარი აქვთ, ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც ოქტომბერში საზღვრის ორივე მხარეს მომხდარ შეტაკებებს 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაძაბულობა განპირობებულია პაკისტანის ბრალდებებით, რომ ქაბულმა შეიარაღებულ ჯგუფებს, როგორიცაა პაკისტანის თალიბანი, საშუალება მისცა, ავღანეთი ბაზად გამოეყენებინათ და პაკისტანზე თავდასხმები განეხორციელებინათ.