ყაბარდო-ბალყარეთის სასამართლომ რუსტამ ნოგმოვს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ნალჩიკში ხანდაზმული ქალის ერთი შეხედვით შემთხვევითი, მაგრამ სასტიკი მკვლელობისთვის. ნოგმოვი სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის (ფსინ) რეგიონული დეპარტამენტის უფროსის თანაშემწის შვილი და ყოფილი ჯარისკაცია, რომელიც უკრაინაში სრულმასშტაბიან ომში იბრძოდა. ადგილობრივმა საგამოძიებო კომიტეტმა ნოგმოვისთვის განაჩენის გამოცხადების შესახებ 20 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია. ის ნალჩიკის 86 წლის მკვიდრის, ნინა სელეზნიოვას მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. სასამართლომ ნოგმოვი დამნაშავედ ცნო რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით, რომლებიც ეხება „განსაკუთრებული სისასტიკითა და ხულიგნური მოტივით, დამნაშავისთვის ცნობილი უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მკვლელობას“, ასევე „ცხედრის შებილწვას“. მას ასევე დაეკისრა ჯარიმა 25,000 რუბლის (325 დოლარი) ოდენობით. გარდა ამისა, სასამართლომ მსჯავრდებულს დაავალა, გადაეხადა 3 მილიონი რუბლი (40,000 დოლარი) მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მსხვერპლის მეუღლისთვის. 2025 წლის 30 იანვრის დილას, ნალჩიკში, აშუროვის ქუჩასთან მდებარე საჯარო ბაღში, 24 წლის ნოგმოვმა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, შენიშნა 86 წლის ნინა სელეზნიოვა, რომელიც დილის სეირნობაზე იყო გასული. ნოგმოვი სელეზნიოვას არ იცნობდა. გამოძიების თანახმად, ნოგმოვმა, „მიზეზის გარეშე“ და „ხულიგნური მოტივით მოქმედებდა“, იცოდა რა, რომ ხანდაზმული ქალი ასაკის გამო წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა, თავს დაესხა მას, მრავალჯერადი დარტყმები მიაყენა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე და შემდეგ დაახრჩო. დამატებითი დეტალები, რომლებიც საფუძვლად დაედო მისი ქმედებების ცხედრის შებილწვის მუხლით კვალიფიკაციას, საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურ განცხადებებში არ გაჟღერებულა. ამავდროულად, ადგილობრივი მედია იუწყებოდა, რომ ნოგმოვმა მსხვერპლს ცხვირის წვერი მოაჭამა (ნაკბენის კვალი მის სხეულის სხვა ნაწილებზეც აღმოჩნდა) და „მყარი, ბლაგვი საგნის“, სავარაუდოდ, ტოტის გამოყენებით, სიკვდილის შემდგომი დაზიანებები მიაყენა მის შინაგან ორგანოებს. გამოძიების მსვლელობა და შედეგები რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცენტრალური აპარატის მეთვალყურეობის ქვეშ მოექცა მისი თავმჯდომარის მითითებით. სელეზნიოვა ყოველ დილით სეირნობაზე დადიოდა. მკვლელობის დღეს, მან სახლი 05:00 საათამდე დატოვა. როდესაც ის საუზმეზე არ დაბრუნდა, მისმა მეუღლემ, ედუარდ სელეზნიოვმა, მისი ძებნა დაიწყო. ქალის ტელეფონი ბაღში იპოვეს. მისი ცხედარი კი მოგვიანებით, ახლომდებარე ბუჩქებში აღმოაჩინეს. გაზეთ „გაზეტა იუგა“-ს ცნობით, ნოგმოვის სისხლში აღმოჩენილია ალკოჰოლი, მეფედრონი და მეტადონი. საქმის მასალებში ნათქვამია, რომ დანაშაულის წინა დღეს მან და მისმა ნაცნობმა ონლაინ შეიძინეს 1,5 გრამი მეფედრონი. სასამართლო პროცესზე მოწმეები დაკითხეს, მათ შორის პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც განაცხადა, რომ ნოგმოვი ადგილობრივ პოლიციის განყოფილებაში მიყვანისას უარყოფდა რაიმე დანაშაულში მონაწილეობას და აცხადებდა, რომ მკვლელობის მომენტი არ ახსოვდა. ნოგმოვის მამამ სასამართლოს განუცხადა, რომ მისი ვაჟი „ყოველთვის დადებითად იყო დახასიათებული“, ემზადებოდა სასაზღვრო სამსახურში დასაქმებლად და გავლილი ჰქონდა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფსბ) შემოწმება. მან თავისი შვილი „კარგად აღზრდილ და გაუფუჭებელ ადამიანად“ აღწერა და თქვა, რომ მას მკვლელობის ჩადენა მხოლოდ „გაუცნობიერებლად“ შეეძლო. „20 წელი ვმუშაობდი ოპერატიულ თანამშრომლად სხვადასხვა კატეგორიის მსჯავრდებულებს შორის [...] მასში არანაირი გადახრა არ შემიმჩნევია; მათ მაშინვე ამოვიცნობდი“, - განაცხადა მამამისმა. დედამ ჩვენება მისცა, რომ მისმა შვილმა დილით სახლში დაბრუნდა და დაიძინა. როდესაც გაიღვიძა, შვილის ჭუჭყიანი ტანსაცმელი დაინახა და მაშინვე სარეცხში ჩააგდო. სასამართლოში წაკითხულ მის ადრინდელ განცხადებებში მან თქვა, რომ მის ტანსაცმელზე არა მხოლოდ ჭუჭყი, არამედ სისხლიც იყო. ამის გამო, მას ეგონა, რომ შესაძლოა, ის ჩხუბში ყოფილიყო. თუმცა, მან დაარწმუნა, რომ არავისთან უჩხუბია და მას „არაფერი ჰქონდა სანერვიულო“. ბრალდებულის უფროსმა ძმამ განაცხადა, რომ არასდროს შეუმჩნევია მისთვის ნარკოტიკების მოხმარება. მისი თქმით, ომიდან დაბრუნების შემდეგ, მისი ძმა „ნერვიული და მოუსვენარი“ გახდა და „ყველა შრიალზე იკრთობოდა და იღვიძებდა“. პროცესის განმავლობაში, დაცვის მხარე დაჟინებით მოითხოვდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს შეურაცხადად გამოცხადებულიყო. ადვოკატმა მიუთითა ყაბარდო-ბალყარეთში ჩატარებული პირველადი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის შედეგებზე, რომლის დასკვნითაც, ნოგმოვს „არ შეეძლო გაეცნობიერებინა ან გაეკონტროლებინა თავისი ქმედებები“ ნარკოტიკული ნივთიერებების ალკოჰოლთან ერთად მოხმარების შედეგად. თუმცა, მოსკოვში, სერბსკის სახელობის ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის ეროვნულ სამედიცინო კვლევით ცენტრში ჩატარებულმა შემდგომმა ექსპერტიზამ საპირისპირო დასკვნა დადო, რომლის მიხედვითაც, მას გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედებები. სასამართლომ ამ უკანასკნელ შეფასებას დაეყრდნო. დაცვის მხარე ნოგმოვის გამართლებას ითხოვდა და უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მის მონაწილეობასა და სახელმწიფო ჯილდოს მიღებას შემამსუბუქებელ გარემოებად განიხილავდა. პროკურორმა ნიკოლაი ხაბაროვმა დანაშაულის ნასვამ მდგომარეობაში ჩადენა დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნია.