აშშ-ის შტატ მინესოტას ოფიციალური პირების განცხადებით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) უარი განაცხადა ალექს პრეტის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში თანამშრომლობაზე. აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის აგენტებმა 37 წლის რეანიმაციის ექთანი 24 იანვარს მინეაპოლისში საიმიგრაციო პოლიტიკის აღსრულების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს მოკლეს. მინესოტას კრიმინალური გამოძიების ბიურო (BCA) FBI-ს ადანაშაულებს სროლის ფაქტთან დაკავშირებული ინფორმაციისა და მტკიცებულებების გადაცემაზე უარის თქმაში. BCA-ს ხელმძღვანელმა დრიუ ევანსმა FBI-ს ქმედებებს „შემაშფოთებელი და უპრეცედენტო“ უწოდა. FBI-ს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. მინესოტას BCA-მ განაცხადა, რომ მიესალმება ერთობლივ გამოძიებას ფედერალურ ოფიციალურ პირებთან. „BCA მზადაა ამ ინციდენტების საფუძვლიანი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიებისთვის, მაშინაც კი, თუ ხელის შემშლელი ფაქტორები არსებობს ძირითად ინფორმაციასა და მტკიცებულებებზე წვდომის ნაკლებობის სახით“, – ნათქვამია განცხადებაში. BBC-ის ამერიკელი პარტნიორის, CBS News-ის ცნობით, პრეტის ოჯახმა ასევე მოითხოვა ერთობლივი გამოძიება. „სამართლიანობა და პასუხისმგებლობა მოითხოვს საფუძვლიან და მიუკერძოებელ გამოძიებას ფაქტების დასადგენად. ჭეშმარიტად ერთობლივი შტატისა და ფედერალური გამოძიება მისასალმებელი მოვლენა იქნება“, – ნათქვამია პრეტის ოჯახის განცხადებაში. პრეტის გარდაცვალების საქმეზე ცალკეული სამოქალაქო უფლებების გამოძიება იუსტიციის დეპარტამენტმა იანვარში გამოაცხადა. BCA-მ განაცხადა, რომ ის ასევე იძიებს რენე გუდის მკვლელობის საქმეს, რომელიც 7 იანვარს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტებმა მოკლეს, და ვენესუელელი მოქალაქის დაჭრის ფაქტს, რომელიც ერთი კვირის შემდეგ მანქანის დევნისას დაშავდა. „ჯერჯერობით გაურკვეველია, იქნება თუ არა რაიმე სახის თანამშრომლობა ან ინფორმაციის გაზიარება ამ ორ სროლასთან დაკავშირებით“, – განაცხადა BCA-მ. შტატისა და ფედერალური ოფიციალური პირები კონფლიქტში იყვნენ „ოპერაცია მეტრო სერჯთან“ დაკავშირებით, რაც ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწყებული საიმიგრაციო რეიდები იყო. ამან გამოიწვია ეროვნული პროტესტების ტალღა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიგრაციული პოლიტიკისა და ICE-ის ტაქტიკის წინააღმდეგ. თეთრი სახლის საზღვრის უსაფრთხოების ხელმძღვანელმა ტომ ჰომანმა გასულ ხუთშაბათს მინესოტას ოპერაციის „შემცირება“ გამოაცხადა. ჰომანის თქმით, 4000-ზე მეტი არალეგალური იმიგრანტი დააკავეს, მათ შორის მამაკაცები, რომლებიც გაუპატიურებასა და სხვა სექსუალურ დანაშაულებში იყვნენ მსჯავრდებულნი. მინესოტას დემოკრატმა გუბერნატორმა ტიმ უოლცმა განაცხადა, რომ ოპერაციამ შტატს „ღრმა ზიანი, თაობათა ტრავმა... და მრავალი უპასუხო შეკითხვა“ დაუტოვა.