სამი „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვაშინგტონში, მარტის დასაწყისში გასამართ სუვერენულ ერთა ალიანსის სამიტზე რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა ანა პაულინა ლუნამ მიიწვია. ლუნა ულტრამემარჯვენე ფიგურაა, რომელიც ცნობილია თავისი უკიდურესი შეხედულებებითა და კრემლთან მჭიდრო კავშირით. პროსამთავრობო მედიასაშუალება „იმედის“ ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან დეპუტატები ნიკოლოზ სამხარაძე, ლიკა შარტავა და მარიამ ლაშხი. სამიტის ვებგვერდის მიხედვით, ღონისძიება, რომელსაც გარდაცვლილი ულტრამემარჯვენე აქტივისტის ჩარლი კირკის ადვოკატირების ჯგუფი „Turning Point Action“ აწყობს, „გააერთიანებს ბიზნესის, პოლიტიკის, აკადემიური წრეების და სხვა საზოგადოებრივ ლიდერებს მთელი მსოფლიოდან გავლენიანი და ინფორმაციული ღონისძიებისთვის, რომელიც ფოკუსირებულია მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე“. სამიტის რეალური მიზნები ძირითადად გაურკვეველი რჩება. „ჩვენ ვემხრობით ერების სუვერენულ უფლებებს, ვეწინააღმდეგებით ტრანსნაციონალური ინსტიტუტების ავტორიტარულ გადამეტებულ ძალაუფლებას და მხარს ვუჭერთ გლობალური ორგანიზაციების რეფორმირებას, რათა მათ პატივი სცენ ეროვნულ იდენტობას და დაეხმარონ – არ შეაფერხონ – თავისუფლების მაძიებელთა თანდაყოლილ ინტერესებს ყველგან“, – ნათქვამია მისიის განცხადებაში. ლუნასთან, საპატიო თავმჯდომარესთან ერთად, „გამორჩეულ სტუმრებს“ შორის არიან წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი, მარკუს ფრონმაიერი, გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრი, და პორტუგალიის კონსერვატიული პარტია „ჩეგას“ ევროპარლამენტარი ანტონიო ტანჟერ კორეა. ფრონმაიერი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის საპრეზიდენტო ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ სტრატეგიულ დოკუმენტში „რუსეთის აბსოლუტური კონტროლის ქვეშ მყოფად“ არის აღწერილი, ხოლო კორეა საკამათო შეთქმულების თეორიების, მაგალითად, „დიდი ჩანაცვლების თეორიის“ მომხრეა. თავის მხრივ, ლუნა ბოლო თვეებში არაერთხელ შეხვდა რუსეთის ოფიციალურ პირებს და მოუწოდა აშშ-სა და რუსეთს შორის ვაჭრობის განახლებისკენ, განაცხადა რა, რომ „ჩვენს ორ ქვეყანას არ სჭირდება მტრებად ყოფნა“. მან ასევე გაავრცელა ანტიუკრაინული შეთქმულების თეორიები, რამაც უკრაინის ელჩის აშშ-ში, ოლღა სტეფანიშინას კრიტიკა გამოიწვია. ლუნამ ცოტა ხნის წინ სამხრეთ კავკასიაში ყურადღება მიიპყრო მას შემდეგ, რაც წარმოადგინა კანონპროექტი აშშ-ის აზერბაიჯანის დახმარებაზე შეზღუდვების მოხსნის შესახებ. ლაშხი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დეპუტატი, რომელიც ღონისძიებას დაესწრება, ასევე ხშირად აღმოჩენილა დაპირისპირების ცენტრში. 2024 წლის მაისში ინგლისურენოვან ინტერვიუში ბრიტანულ პოდკასტ The News Agents-თან მან მოიხსენია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შეთქმულების თეორია, რომლის მიხედვითაც, ე.წ. „ღრმა სახელმწიფო“ და „გლობალური ომის პარტია“ ცდილობენ საქართველოს ძირის გამოთხრას და ქვეყნის რუსეთთან ომში ჩათრევას. როდესაც ინტერვიუერმა დაჟინებით ჰკითხა, კონკრეტულად ვის გულისხმობდა, ლაშხიმ ეს ჯგუფები „მასონებს“ შეადარა, თუმცა აღიარა, რომ არ იცოდა, ვინ იყვნენ „გლობალური ომის პარტიის“ სხვა წევრები. ეს დიალოგი მაშინ ფართოდ იქნა დაცინული. 2025 წლის მაისში, ლაშხის კაფეში ყოფნისას ორი აქტივისტი დაუპირისპირდა და შეურაცხყოფა მიაყენა. ორ აქტივისტს მოგვიანებით 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.