ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ ირანის თავდასხმები აშშ-ის სამიზნეებზე მთელ რეგიონში ლეგიტიმური თავდაცვითი ქმედებებია. ირანს აქვს უფლება, დაიცვას თავი ისრაელისა და აშშ-ის თავდასხმებისგან, განაცხადა ბაღაიმ. „ჩვენ გვაქვს სრული უფლება, საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის შესაბამისად, მთელი ძალით დავიცვათ თავი“, – განუცხადა ესმაილ ბაღაიმ შაბათს, „ალ-ჯაზირასთან“ ინტერვიუში. აშშ-მ და ისრაელმა შაბათს ირანის რამდენიმე ქალაქზე, მათ შორის თეირანზე, სარაკეტო შეტევები განახორციელეს, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ძირითად საბრძოლო ოპერაციებად“ აღწერა. ირანული მედიის ინფორმაციით, წითელ ნახევარმთვარზე დაყრდნობით, სულ მცირე 201 ადამიანი დაიღუპა. ირანმა საპასუხო დარტყმა განახორციელა ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო სამიზნეების მიმართულებით რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ბაჰრეინში, ერაყში, იორდანიაში, ქუვეითში, საუდის არაბეთში, ყატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ბაღაიმ განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები „იცავენ ირანის ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას აგრესიის ამ ბარბაროსული აქტებისგან“. აშშ-ის და ისრაელის თავდასხმები მოხდა მას შემდეგ, რაც პარასკევს დასრულდა აშშ-სა და ირანს შორის ირანის ბირთვულ პროგრამაზე არაპირდაპირი მოლაპარაკებების მესამე რაუნდი. „ორშაბათს უნდა შევხვედროდით, რათა განგვეხილა ბირთვულ საკითხზე შესაძლო შეთანხმების ტექნიკური ასპექტები“, – თქვა ბაღაიმ. „და ამერიკელებმა თავად აღიარეს, რომ ეს მოლაპარაკებები საკმაოდ კარგად წარიმართა. შუამავალმა, ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოლაპარაკებების ეს რაუნდი მნიშვნელოვან პროგრესად შეაფასა“. ეს იყო მეორე შემთხვევა ერთ წელზე ნაკლებ დროში, როდესაც დიპლომატია ირანზე თავდასხმამ ჩაშალა, აღნიშნა ბაღაიმ. ირანი და აშშ გასულ წელს მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდს აწარმოებდნენ, როდესაც ივნისში ისრაელმა ირანზე 12-დღიანი ომი დაიწყო, რომელსაც აშშ მოკლედ შეუერთდა, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი აცხადებდა, რომ დიპლომატიური გადაწყვეტის მომხრე იყო. ბაღაიმ განაცხადა, რომ აშშ-ის „აგრესიის აქტის დაწყება გაეროს სხვა წევრი ქვეყნის წინააღმდეგ“ ასევე საფრთხეს უქმნის საერთაშორისო ორგანიზაციას, რადგან მისი მთავარი საყრდენი, „გაეროს ქარტია, ძალის გამოყენების დებულებას წარმოადგენს“. „ამიტომ, ვფიქრობ, საფრთხე ექმნება არა მხოლოდ რეგიონის და ირანის უსაფრთხოებასა და მშვიდობას, არამედ საერთაშორისო სამართლის მთელ სტრუქტურას. და ნორმატიულ სისტემას, რომელიც გაეროს ქარტიით შეიქმნა“, – დასძინა მან. ბაღაიმ დაიცვა ირანის საპასუხო თავდასხმები რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში. „საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ნებისმიერი ადგილი, ნებისმიერი ლოკაცია, ნებისმიერი ლოგისტიკური მხარდაჭერა, რომელიც აგრესორს ეძლევა, ლეგიტიმური სამიზნეა დაზარალებული სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა მან. „ასე რომ, ჩვენ არ ვესხმით რეგიონის არცერთ ქვეყანას. ჩვენ მეგობრულად ვართ განწყობილი რეგიონის ყველა ქვეყანასთან. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის უბრალოდ თავდაცვითი ქმედებები“. „ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვენდობით ჩვენს მეგობრებს რეგიონში“, – თქვა ბაღაიმ. „ამიტომ ვცდილობთ რეგიონის ქვეყნებთან ერთად ვიმოქმედოთ ამ დიპლომატიური პროცესის განვითარებისთვის. პრობლემა ის არის, რომ შეერთებული შტატები აგრესიის ამ ომს აწარმოებს ყველას ხარჯზე, მათ შორის რეგიონის ქვეყნების ხარჯზეც“.