საერთაშორისო სიახლეები
/
18.02.2026
ჰააგის სპეციალური სასამართლო კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის ყოფილი ლიდერების საქმეზე დასკვნით არგუმენტებს ისმენს
ათასობით ადამიანი აპროტესტებს კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის ყოფილი ლიდერების სასამართლო პროცესს ჰააგაში, სადაც მათ 1998-1999 წლების ომის დროს ჩადენილი ომის დანაშაულები ედებათ ბრალად. სასამართლო ამ კვირას დასკვნით არგუმენტებს ისმენს, რასაც პროტესტი მოჰყვა კოსოვოს დამოუკიდებლობის 18 წლისთავის აღნიშვნის პარალელურად.
ჰააგის სპეციალური სასამართლო ამ კვირას კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის (KLA) ყოფილი ლიდერების სასამართლო პროცესზე დასკვნით არგუმენტებს ისმენს.
კოსოვოს დედაქალაქში ათასობით ადამიანი გამოვიდა ყოფილი პრეზიდენტისა და კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის (KLA) სხვა ლიდერების სასამართლო პროცესის გასაპროტესტებლად. მათ 1998-1999 წლების დამოუკიდებლობისთვის ომის დროს ჩადენილი ომის დანაშაულები ედებათ ბრალად. სამშაბათს პრიშტინის მთავარი მოედანი გაივსო ჰააგაში დაფუძნებული კოსოვოს სპეციალიზებული პალატების სამხედრო დანაშაულების სასამართლოს წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეებით, მაშინ როდესაც ქვეყანა დამოუკიდებლობის 18 წლისთავს აღნიშნავდა.
ნიდერლანდებში მოქმედი სასამართლო ამ კვირას ისმენს დასკვნით არგუმენტებს ყოფილი პრეზიდენტის, ჰაშიმ თაჩის, კოსოვოს რესპუბლიკის ასამბლეის ყოფილი სპიკერების, იაკუპ კრასნიჩისა და კადრი ვესელის, და ყოფილი დეპუტატის, რეჯეპ სელიმის სასამართლო პროცესზე. ისინი 2020 წელს დააკავეს. KLA-ს ყოფილ მეთაურებს ბრალად ედებათ დევნა, მკვლელობა, წამება და ადამიანების იძულებითი გაუჩინარება 1998-1999 წლების აჯანყების დროს და მის შემდგომ პერიოდში, რამაც საბოლოოდ სერბეთისგან ალბანელებით დასახლებული რეგიონის დამოუკიდებლობა გამოიწვია.
57 წლის თაჩი, დამოუკიდებელი კოსოვოს პრემიერ-მინისტრად, საგარეო საქმეთა მინისტრად და პრეზიდენტად 2008-დან 2020 წლამდე მსახურობდა. კონფლიქტის დროს, როდესაც კოსოვო ჯერ კიდევ სერბეთის პროვინცია იყო მაშინდელი ნაციონალისტი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის მმართველობის ქვეშ, რომლის ძალებიც სასტიკად უსწორდებოდნენ ეთნიკურ ალბანელებს, დაიღუპა დაახლოებით 13 000-ზე მეტი ადამიანი – უმეტესობა კოსოვოელი ალბანელები. მოსამართლეები საბოლოო განაჩენს სამი თვის ვადაში გამოაცხადებენ. ბრალდებულები უარყოფენ ყველა ბრალდებას, პროკურორები კი თითოეული ბრალდებულისთვის 45-წლიან პატიმრობას ითხოვენ.
კოსოვოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის KLA-ს ყოფილი ლიდერები ეროვნულ-განმათავისუფლებელ გმირებად ითვლებიან. ბევრი მომიტინგე KLA-ს უნიფორმით იყო, სხვები კი KLA-ს, კოსოვოსა და ალბანეთის დროშებს აფრიალებდნენ. მხარდამჭერებს ეჭირათ პლაკატები წარწერით „თავისუფლებას სახელი აქვს“ და თაჩის და სხვების ფოტოები წარწერით „ომისა და მშვიდობის გმირები“. ადგილობრივი საინფორმაციო ვებგვერდი Balkan Insight იტყობინება, რომ პრიშტინაში ხალხის გადასაყვანად ავტობუსები ყველა მუნიციპალიტეტიდან იყო ორგანიზებული.
ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ისმაილ ტაშოლიმ, ბრბოს განუცხადა: „KLA-ს ომი რჩება განმათავისუფლებელ ომად და ამის გაუქმება შეუძლებელია. თუ სამართალი გადაუხვევს, ჩვენ აქ ვართ, რათა ვუთხრათ მათ: „არა ჩემი სახელით, არა ჩვენი სახელით,“ – ციტირებს მას ვებგვერდი. 49 წლის მირან ზეკამ, რომელიც ალბანეთიდან ჩავიდა პრიშტინაში საპროტესტოდ, თქვა: „ისინი, ვინც ჰააგაში ყოფნას იმსახურებენ, ოკუპანტები არიან და არა განმათავისუფლებლები“.
კოსოვოს სპეციალიზებული პალატები, რომლებიც დაკომპლექტებულია საერთაშორისო მოსამართლეებითა და ადვოკატებით, 2015 წელს შეიქმნა, რათა კოსოვოს კანონმდებლობის შესაბამისად განიხილოს ომის დანაშაულებების საქმეები KLA-ს ყოფილი მებრძოლების წინააღმდეგ. სამხედრო დანაშაულებების ტრიბუნალი მცირე ბალკანური ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეიქმნა მოწმეთა დაშინების შიშის გამო.
წყარო: www.aljazeera.com
გაზიარება