კრიმინალი
/
15.02.2026
გერმანია: შტურის ბანკი გაძარცვეს, გატეხილი სეიფების შიგთავსი უცნობია
გერმანიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ შტურში ბანკში შეიჭრნენ და 14 სეიფი გატეხეს. პოლიცია ჯერ ვერ ასახელებს დამნაშავეებს და ვერ აკონკრეტებს, რა მოიპარეს, რადგან სეიფების შიგთავსი უცნობია. შემთხვევის ადგილზე უცნობი სითხეც აღმოაჩინეს, რომელიც, მიუხედავად ყველაფრისა, ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
პოლიციის ინფორმაციით, გერმანიის ჩრდილოეთით, ქვემო საქსონიის ქალაქ შტურში მდებარე ბანკში შეიჭრნენ და რამდენიმე სეიფი გაძარცვეს. პოლიციამ შაბათს განაცხადა, რომ დამნაშავეები ჯერ არ არიან იდენტიფიცირებული და ვერ დგინდება, თუ რა მოიპარეს.
„სეიფების შიგთავსზე ვერაფერს ვიტყვით, – განუცხადა გერმანულ საინფორმაციო სააგენტო DPA-ს პოლიციის წარმომადგენელმა. – ჩვენ არ ვიცით, რა ჰქონდათ იქ შენახული ბანკის კლიენტებს“.
პოლიციის ცნობით, ბანკს სულ 728 სეიფი ჰქონდა, საიდანაც 14 გატეხეს. „ყველა სხვა სეიფი ხელუხლებელია“, – ციტირებს DPA ბანკის წარმომადგენელს.
პოლიციის განცხადებით, შეჭრა ადგილობრივი დროით 12:00-დან 14:00 საათამდე (UTC 11:00-დან 13:00 საათამდე) მოხდა. თვითმხილველთა პირველადი ცნობებით, შუადღისას ბანკის წინ, მანქანისკენ მიმავალი სამი მამაკაცი დააფიქსირეს, რომლებსაც ლურჯი სპეცტანსაცმელი ეცვათ.
პოლიციის წარმომადგენელმა DPA-ს განუცხადა, რომ ბანკის თანამშრომელი სადილის შესვენების შემდეგ ბანკის სარდაფში ჩავიდა, სადაც „მძაფრი სუნი“ იგრძნო, რის გამოც გულისრევა დაეწყო.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა ბანკის კარებზე უცნობი სითხე აღმოაჩინეს, თუმცა განაცხადეს, რომ ის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ჩრდილოეთ გერმანიის რეგიონული საზოგადოებრივი მაუწყებლის NDR-ის ცნობით, ორი ბანკის თანამშრომელს გადაუდებელი დახმარება გაუწიეს.
ეს შეჭრა მოხდა დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, რაც გერმანიის დასავლეთით, გელზენკირხენში, ბანკის სარდაფში ბურღვით შეაღწიეს და დაახლოებით 30 მილიონი ევრო მოიპარეს.
წყარო: www.dw.com
გაზიარება