ინდოეთში ხელოვნური ინტელექტის გლობალური სამიტის მეოთხე და ყველაზე გახმაურებული დღე მიმდინარეობს. მასში გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მონაწილეობენ, რათა განიხილონ, როგორ მოახერხონ სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიის მართვა, რომელიც თანაბარი ზომით იწვევს როგორც ინვესტიციების ენთუზიაზმს, ასევე ღრმა შეშფოთებას. დელიში მიმდინარე ეს მასშტაბური შეკრება რიგით მეოთხეა საერთაშორისო ხელოვნური ინტელექტის შეხვედრების სერიაში, რომლებიც 2023 წლიდან საფრანგეთში, სამხრეთ კორეასა და გაერთიანებულ სამეფოში გაიმართა. წლევანდელი სამიტის დღის წესრიგში მთავარი თემებია სამუშაო ადგილების დაკარგვა, ბავშვების უსაფრთხოება და რეგულაციები. გუტერეშმა ხუთშაბათს ისაუბრა და ხელოვნური ინტელექტის რისკების შესახებ გააფრთხილა, განაცხადა რა, რომ მისი მომავალი „რამდენიმე მილიარდერის ახირებებს“ არ შეიძლება მივანდოთ. გაეროს გენერალურმა მდივანმა ტექნოლოგიურ მაგნატებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ 3 მილიარდი დოლარის გლობალურ ფონდს, რათა ყველასთვის უზრუნველყოფილი იყოს სწრაფად განვითარებად ტექნოლოგიაზე ღია წვდომა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ღრმა ჩართულობის აუცილებლობაზე: „მესიჯი, რომლის გადმოსაცემადაც მოვედი, არის ის, რომ ჩვენ მტკიცედ ვართ გადაწყვეტილი, გავაგრძელოთ თამაშის წესების ჩამოყალიბება და ეს გავაკეთოთ ჩვენს მოკავშირეებთან, ისეთებთან, როგორიცაა ინდოეთი“, – განაცხადა მაკრონმა. „ევროპა ბრმად არ არის ორიენტირებული რეგულაციებზე – ევროპა ინოვაციებისა და ინვესტიციების სივრცეა, მაგრამ ეს უსაფრთხო სივრცეა“. მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი სამიტი აქამდე ყველაზე მასშტაბურად არის მიჩნეული, ათასობით მონაწილის გამო, ერთი თვალშისაცემი არმყოფიც არის. Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი, რომელიც სექსუალური მოძალადის, გარდაცვლილი ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების გამო კითხვების წინაშე დგას, სიტყვით გამოსვლამდე სულ რამდენიმე საათით ადრე გამოეთიშა სამიტს, რათა „ყურადღება ხელოვნური ინტელექტის სამიტის მთავარ პრიორიტეტებზე დარჩენილიყო“, – განაცხადა გეითსის ფონდმა. გეითსის ადგილს გეითსის ფონდის სხვა ოფიციალური პირი დაიკავებს. გეითსმა ამ თვეში განაცხადა, რომ „ყოველ წუთს ნანობს“, რომელიც ეპშტეინთან გაატარა. როგორც პირველი გლობალური ხელოვნური ინტელექტის შეხვედრა, რომელიც განვითარებად ქვეყანაში ტარდება, ხუთდღიანი სამიტი, რომელიც პარასკევს სრულდება, ინდოეთისთვისაც იყო შესაძლებლობა, გაეუმჯობესებინა თავისი პოზიცია ამ სწრაფად მზარდ სექტორში. გასულ წელს, სტენფორდის მკვლევარების მიერ შედგენილ ხელოვნური ინტელექტის კონკურენტუნარიანობის ყოველწლიურ გლობალურ რეიტინგში ქვეყანა მესამე ადგილზე გადავიდა. თუმცა, მიუხედავად ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურის გეგმებისა და ინოვაციის დიდი ამბიციებისა, ექსპერტები ამბობენ, რომ მას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, სანამ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს გაუტოლდება. ხუთშაბათს სიტყვით გამოსვლისას, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ხაზი გაუსვა ინდური კომპანიების მიერ ხელოვნური ინტელექტის მოდელების ბოლო გამოშვებებს და განაცხადა, რომ „ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომელიც ინდოეთში წარმატებას მიაღწევს, მთელ მსოფლიოში შეიძლება განთავსდეს“. „ინდოეთს სჯერა, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია მხოლოდ მაშინ იქნება სასარგებლო, როდესაც ის გაზიარებული იქნება და მისი ძირითადი სისტემები ღია იქნება; მხოლოდ მაშინ შეძლებენ ჩვენი მილიონობით ახალგაზრდა გონება მის გაუმჯობესებასა და უსაფრთხოებას“, – დასძინა მოდიმ. „ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რომ ხელოვნური ინტელექტი გამოყენებული იქნას გლობალური საერთო სიკეთისთვის“. მოდიმ, ინგლისურ ენაზე გადასვლით, დაამატა: „ჩვენ შევდივართ ეპოქაში, სადაც ადამიანები და ინტელექტუალური სისტემები ერთად ქმნიან, ერთად მუშაობენ და ერთად ვითარდებიან“.