უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ნეიტრალურ სტატუსით ასპარეზობდნენ. ბრიუსელი — ევროკავშირის სპორტის კომისარი პარალიმპიადის გახსნის ცერემონიაზე არ წავა იმ გადაწყვეტილების გამო, რომელმაც რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენებს საკუთარი ეროვნული დროშების გამოფენის უფლება მისცა. საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა (IPC) მომავალ თვეში დაგეგმილ ზამთრის თამაშებში ამ ორი ქვეყნის 10 სპორტსმენს ადგილი გამოუყო და ისინი „ნებისმიერი სხვა ქვეყნის სპორტსმენების მსგავსად მოექცევიან“, — განუცხადა IPC-მ სააგენტო AFP-ს. რუსი და ბელარუსი სპორტსმენები პარალიმპიური შეჯიბრებებიდან 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მოკვეთეს. ნაწილობრივი აკრძალვა – რაც სპორტსმენებს ნეიტრალურ სტატუსით ასპარეზობის უფლებას აძლევდა – 2023 წელს შემოიღეს. ევროკავშირის სპორტის კომისარმა, გლენ მიკალეფმა, რუსული და ბელარუსული დროშების გამოყენების უფლების მიცემის გადაწყვეტილება „მიუღებლად“ შეაფასა. X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მიკალეფმა თქვა: „სანამ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება, მე არ შემიძლია მხარი დავუჭირო ეროვნული სიმბოლოების, დროშების, ჰიმნებისა და ფორმების აღდგენას, რომლებიც განუყოფლად არის დაკავშირებული ამ კონფლიქტთან“. მან დასძინა, რომ არ დაესწრებოდა გახსნის ცერემონიას და მოუწოდა „თანამოაზრე კოლეგებს“, რომ იგივე გაეკეთებინათ. უკრაინის სპორტის მინისტრმა მატვი ბიდნიმ X-ზე განაცხადა, რომ IPC-ის ეს ნაბიჯი „გულდასაწყვეტი და აღმაშფოთებელია“.