EU / გამოძიება
/
14.02.2026
ბრიუსელში ევროკომისიის შენობებში ჩხრეკა ჩატარდა – ოპერაცია უძრავი ქონების გაყიდვას უკავშირდება
ბრიუსელში, ევროკომისიის შენობებში გამომძიებლებმა ჩხრეკა ჩაატარეს. ოპერაცია, სავარაუდოდ, ევროკომისიის 20-ზე მეტი შენობის გაყიდვას უკავშირდება. ევროპის საჯარო პროკურატურა (EPPO) ატარებს გამოძიებას უძრავი ქონების გარიგებაზე, რომლის ღირებულებაც 900 მილიონი ევროა და რომელიც ბელგიის სახელმწიფოსთან 2024 წელს დაიდო. კომისიამ განაცხადა, რომ სრულად ითანამშრომლებს გამომძიებლებთან.
გამომძიებლებმა ბრიუსელში ევროკომისიის შენობებში ჩხრეკა ჩაატარეს. ოპერაცია, როგორც იუწყებიან, ევროკომისიის 20-ზე მეტი შენობის გაყიდვას უკავშირდება. პოლიციამ ევროკომისიის შენობებში ჩხრეკა ხუთშაბათს ჩაატარა. მომხდარი ფაქტი ევროკომისიამ და ევროპის საჯარო პროკურატურამ დაადასტურეს.
გამოძიებასთან დაახლოებულმა, ანონიმურმა წყაროებმა სააგენტო AFP-ს და Financial Times-ს განუცხადეს, რომ ოპერაცია ბელგიის სახელმწიფოსთან 2024 წელს დადებულ უძრავი ქონების გარიგებას უკავშირდებოდა. კომისიის წარმომადგენელმა თქვა, რომ ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ „იცოდა მიმდინარე გამოძიების შესახებ“ 23 ევროკომისიის შენობის გაყიდვაზე და „დარწმუნებული იყო, რომ პროცესი შესაბამისი წესით ჩატარდა“.
უძრავი ქონება, რომელიც 2024 წელს 900 მილიონ ევროდ იყო შეფასებული (მიმდინარე გაცვლითი კურსით დაახლოებით 1.07 მილიარდი დოლარი), გაიყიდა მას შემდეგ, რაც კომისიამ შეამცირა საოფისე ფართები. ეს ძირითადად COVID პანდემიის შემდეგ დისტანციურად მომუშავე თანამშრომელთა რაოდენობის ზრდის შედეგი იყო.
კომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის სრულად ითანამშრომლებს ოფიციალურ პირებთან, „გადასცემს ყველა საჭირო ინფორმაციას და დახმარებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამ საკითხის საფუძვლიანი და დამოუკიდებელი გამოძიება“.
ჩხრეკა ხუთშაბათს დილით ადრე ჩატარდა, როგორც FT-მ, ასევე მოგვიანებით AFP-მ განაცხადეს. ევროკავშირის ევროპის საჯარო პროკურატურამ (EPPO) მხოლოდ ის დაადასტურა, რომ „მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მტკიცებულებების შეგროვების აქტივობებს ატარებდა“, რომელიც კომისიას ეხებოდა.
EPPO არის ევროკავშირის დამოუკიდებელი საჯარო პროკურატურა, რომელიც პასუხისმგებელია ბლოკის ფინანსური ინტერესების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე.
აღნიშნული ქონება ბელგიის სუვერენულმა საინვესტიციო ფონდმა, SFPIM-მა შეიძინა. ფონდი გეგმავდა მათ განახლებას, რემონტს და შემდეგ კომერციულ და საცხოვრებელ უძრავ ქონებად ბაზარზე დაბრუნებას.
წყარო: www.dw.com
გაზიარება