ბრიტანეთის მთავრობა გადახედავს გადაწყვეტილებას, რომელიც ბრიტანულ კომპანიას სომხეთში მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის ექსპორტის უფლებას აძლევდა მას შემდეგ, რაც გაზეთმა Guardian-მა რუსულ სამხედრო მომარაგების ჯაჭვთან დაკავშირებული ბმულები გამოავლინა. ჩეშირში დაფუძნებული კომპანია Cygnet Texkimp ორი მანქანის ექსპორტამდე რამდენიმე კვირით იყო დარჩენილი. ეს მანქანები აწარმოებს ნახშირბადის ბოჭკოვან „პრეპრეგს“ – მსუბუქ მასალას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო მიზნებისთვის. უაითჰოლის ოფიციალურმა პირებმა Cygnet-ს გასულ წელს აცნობეს, რომ გადაზიდვისთვის სპეციალური ლიცენზია არ იყო საჭირო, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ მთავრობის სტანდარტულმა საექსპორტო შემოწმების პროცესს არ გამოუწვევია შეშფოთება აღჭურვილობის გამოყენების წესთან ან მომხმარებელთან დაკავშირებით. თუმცა, ვაჭრობის მინისტრმა, კრის ბრაიანტმა განაცხადა, რომ ის გარიგებას აჩერებდა, გადახედვის მოლოდინში, იმ შეშფოთების გამო, რომ მანქანები შესაძლოა სამხედრო მიზნებისთვის ყოფილიყო გამოყენებული. მათ მიერ წარმოებული მასალა შეიძლება გამოყენებულ იქნას რაკეტებისა და დრონების წარმოებაში, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომში გადამწყვეტი იარაღია. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც თემთა პალატის ბიზნეს კომიტეტის თავმჯდომარემ, ლიამ ბერნმა, ბრაიანტს მისწერა და Guardian-ის ანგარიშზე გაამახვილა ყურადღება, სადაც აღწერილი იყო კავშირები Cygnet-ის სომეხ კლიენტ Rydena LLC-სა და რუსულ სამხედროებს შორის. Rydena უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის შემდეგ დააარსეს Umatex-ის ყოფილმა აღმასრულებლებმა – კრემლის მფლობელობაში მყოფმა კომპანიამ, რომელიც ვლადიმერ პუტინის სამხედრო მანქანის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიმწოდებლად იქცა. ექსპერტებმა გააფრთხილეს, რომ Rydena-ს დამფუძნებლების წარსული მონაწილეობა კრემლის სამხედრო მომარაგების ჯაჭვში, შეშფოთებას უნდა იწვევდეს იმის შესახებ, გამოიყენებოდა თუ არა Cygnet-ის აპარატურა რუსეთისთვის ნახშირბადის ბოჭკოს მიწოდებისთვის, რითაც გვერდი აუვლიდა პუტონზე ზეწოლისთვის შექმნილ სანქციებს. Rydena-მ ადრე უარყო, რომ რაიმე ბიზნესს აწარმოებდა რუსეთთან ან სანქცირებულ სუბიექტებთან, ხოლო როგორც მან, ასევე Cygnet-მა განაცხადეს, რომ აღჭურვილობა სამოქალაქო მიზნებისთვის იქნება გამოყენებული. ბერნისთვის გაგზავნილ წერილში ბრაიანტმა დაადასტურა, რომ მთავრობა გადახედავს თავის გადაწყვეტილებას ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით. ბრაიანტმა განაცხადა: „ამჟამად განვიხილავთ ადრინდელ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ექსპორტი არ საჭიროებდა ლიცენზიას, რადგან საქონელი არ ითვლებოდა კონტროლს დაქვემდებარებულად („ლიცენზია არ არის საჭირო“ გადაწყვეტილება).“ მან დასძინა, რომ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მჭიდრო კონსულტაცია Cygnet Texkimp-თან, „რის შედეგადაც დავადგინეთ, რომ საწარმოო აღჭურვილობის ზოგიერთი ელემენტი უნდა ჩაითვალოს ორმაგი დანიშნულების კონტროლს დაქვემდებარებულად.“ ორმაგი დანიშნულების კონტროლი მოიცავს აღჭურვილობას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო მიზნებისთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული ერთი შეხედვით უდანაშაულო საექსპორტო კონტრაქტების გამოყენება იმ აღჭურვილობის გარიგებების შესანიღბად, რომელიც ომში შეიძლება გამოდგეს. Cygnet-მა განაცხადა, რომ ის მუდმივად იცავდა საექსპორტო წესებს და მოითხოვა ლიცენზია, რადგან აცნობიერებდა, რომ მისი „პრეპრეგის“ მანქანა პოტენციურად შეიძლება კლასიფიცირებულიყო როგორც „ორმაგი დანიშნულების“, მაგრამ აღნიშნა, რომ მთავრობამ მას უთხრა, რომ ლიცენზია არ იყო საჭირო. ბრაიანტმა თქვა, რომ ბიზნესისა და ვაჭრობის დეპარტამენტმა „ხელახლა გახსნა ლიცენზიის განაცხადი, რომელიც უნდა შეფასდეს ნებისმიერი ექსპორტის დაშვებამდე. შემიძლია დავადასტურო, რომ ექსპპორტი ჯერ არ განხორციელებულა.“ ბრაიანტმა აღნიშნა Cygnet Texkimp-ის 50-წლიანი ისტორია მაღალტექნოლოგიურ წარმოებაში, საექსპორტო ლიცენზიების დაცვის ხანგრძლივი გამოცდილებით და კარგი ურთიერთობით საექსპორტო კონტროლის გაერთიანებულ ერთეულთან (ECJU). ეს ერთეული აერთიანებს სამთავრობო დეპარტამენტებსა და სადაზვერვო სამსახურებს, რათა გამოავლინოს პოტენციური საექსპორტო გარიგებებით გამოწვეული რისკები. მთავრობამ ჯერჯერობით თავი შეიკავა იმის თქმისგან, იცოდა თუ არა ECJU-მ Rydena-ს აღმასრულებლების წარსული მუშაობის შესახებ Umatex-ისთვის, რაც გამჟღავნებულია მათ პროფილებზე LinkedIn-ის პროფესიული ქსელის საიტზე. „შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ამ საქმით უშუალოდ დაინტერესებას განვაგრძობ“, - განაცხადა ბრაიანტმა. ოთხშაბათს, ბერნის ბიზნესის შერჩეულ კომიტეტთან გამართულ შემდგომ სხდომაზე, ბრაიანტმა განაცხადა, რომ მთავრობა გეგმავს საექსპორტო ლიცენზირების კანონების გაძლიერებას, რათა გაუმჯობესდეს რუსეთისკენ მიმართული საქონლის კონტროლი. Cygnet Texkimp-ის სპიკერმა განაცხადა: „ამ შეკვეთის დასაწყისში, ჩვენ პროაქტიულად ვითანამშრომლეთ გაერთიანებული სამეფოს შესაბამის ორგანოებთან და ნებაყოფლობით შევიტანეთ საექსპორტო ლიცენზიის განაცხადი, რადგან ვაღიარეთ, რომ აღჭურვილობის გარკვეული ელემენტები, კერძოდ „პრეპრეგის“ მანქანა, პოტენციურად შეიძლება კლასიფიცირებულიყო როგორც „ორმაგი დანიშნულების.“ „ჩვენ ვაღიარებთ დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, გადახედოს თავის ადრინდელ მითითებას, რომ ლიცენზია არ იყო საჭირო. ამ პროცესის შედეგს დაველოდებით. Cygnet Texkimp ყოველთვის მოქმედებდა გაერთიანებული სამეფოს საექსპორტო კონტროლის რეგულაციების სრული დაცვით და მზადაა ნებისმიერ დროს შეინარჩუნოს ღია, კონსტრუქციული და გამჭვირვალე დიალოგი შესაბამის ორგანოებთან.“