საერთაშორისო
/
20.02.2026
აზერბაიჯანის სასამართლომ ოპოზიციის ორ წარმომადგენელს დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა
ბაქოს მძიმე დანაშაულებების სასამართლომ აშშ-ში მცხოვრებ პოლიტიკოს არასტუნ ორუჯლუსა და საფრანგეთში მცხოვრებ ისტორიკოს ალთაი გოიუშოვს დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა „მასობრივი არეულობებისკენ მოწოდებისა“ და „სახელმწიფოს წინააღმდეგ პროტესტის წაქეზების“ ბრალდებით. ეს გადაწყვეტილებები დევნილი კრიტიკოსების მიმართ მიმდინარე რეპრესიების ნაწილია.
ბაქოს მძიმე დანაშაულებების სასამართლომ აშშ-ში მცხოვრებ პოლიტიკოს არასტუნ ორუჯლუს „მასობრივი არეულობებისკენ მოწოდებისთვის“ დაუსწრებლად რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ერთი დღით ადრე, საფრანგეთში მცხოვრებ მეცნიერსა და ისტორიკოს ალთაი გოიუშოვს იმავე სასამართლომ „სახელმწიფოს წინააღმდეგ ღია პროტესტის წაქეზებისთვის“ დაუსწრებლად ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროსახელისუფლებო მედია APA-მ დაწერა, რომ ორუჯლუმ „მიმდინარე ხელისუფლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისკენ წამახალისებელი ღია მოწოდებები [YouTube-ზე] გააკეთა და გაავრცელა“. როდესაც ორუჯლუ პირველად გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს, ის არ გამოცხადდა, თუმცა განაცხადა, რომ „არასდროს მოუწოდებია გადატრიალების, აჯანყების ან მსგავსი რამისთვის“. „ეს საკითხის სამართლებრივი ასპექტია. მაგრამ აზერბაიჯანში კანონზე საუბარი სისულელეა. წლების განმავლობაში ვხედავთ აზერბაიჯანში ჩადენილ დანაშაულებს და იმას, თუ როგორ აჯილდოებენ მათ ჩამდენთ“, – დაამატა მან.
APA-ს ინფორმაციით, გოიუშოვი სოციალურ მედიაში „პირთა ჯგუფთან“ ერთად გაკეთებული კომენტარებისთვის გაასამართლეს, რაც, სავარაუდოდ, ხელისუფლების წინააღმდეგ ძალის გამოყენების მოწოდებას წარმოადგენდა. ორუჯლუს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი მისთვის გამოტანილ განაჩენზე, გოიუშოვმა კი სოციალურ მედიაში განაცხადა, რომ „კრიმინალი“ პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იყო. „[პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და მისმა ოჯახმა] დაარღვიეს ეს კონსტიტუციური სტრუქტურა და ქვეყანა დე ფაქტო აბსოლუტურ მონარქიად აქციეს. ეს დანაშაულია და ის კრიმინალმა ჩაიდინა“.
გოიუშოვმა დაამატა, რომ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე საუბარი დანაშაული კი არა, „სახელმწიფოს კონსტიტუციური სტრუქტურის აღდგენაში შეტანილი წვლილი“ უნდა იყოს. „ამ დანაშაულების წინააღმდეგობა, კონსტიტუციური სტრუქტურის აღდგენის მოთხოვნა, არა მხოლოდ ჩემი უფლება, არამედ ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობაა. სხვა სიტყვებით, ყველა ჩემ მიერ ჩამოთვლილი დანაშაულისა და მათი ჩამდენი კრიმინალის წინააღმდეგობა არ არის დანაშაული, არამედ ბრძოლა დანაშაულის, კრიმინალის წინააღმდეგ“, – დაასკვნა მან.
ეს განაჩენები დევნილ კრიტიკოსთა მიმართ მთავრობის რეპრესიების მიმდინარე ტენდენციის უახლესი შემთხვევებია. 2025 წლის დეკემბერში, გაზეთ „აზადლიქის“ მთავარ რედაქტორს, გალიმატ ზაიდოვს, სახელმწიფო წინააღმდეგ სოციალურ მედიაში ღია მოწოდებების გაკეთება ედებოდა ბრალად და დაუსწრებლად შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 12 თებერვალს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (DTX) მისი სახელი დაამატა მეორე სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც დაკავშირებულია ყოფილ საპრეზიდენტო თანაშემწე რამიზ მეჰდიევთან, რომელსაც სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება ედება ბრალად.
პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აშშ-ში იმყოფება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო საბჭოს პირველ შეხვედრაზე დასასწრებად. გასულ კვირას, სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტებისთვის სამი ადამიანი დააკავეს.
#სასამართლო
#ადამიანის უფლებები
#ოპოზიცია
#რეპრესიები
#აზერბაიჯანი
#ილჰამ ალიევი
#არასტუნ ორუჯლუ
#ალთაი გოიუშოვი
წყარო: oc-media.org
გაზიარება