პოლიტიკა
/
22.02.2026
ალბანეთში კორუფციული გამოძიების ფონზე არეულობაა – მომიტინგეები პრემიერის გადადგომას ითხოვენ
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში საპროტესტო აქცია ძალადობრივ შეტაკებებში გადაიზარდა. მომიტინგეები პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომას ითხოვდნენ კორუფციული სკანდალის ფონზე, რომელიც ვიცე-პრემიერს ეხება. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა, დააკავეს ათობით ადამიანი.
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა, რადგან მომიტინგეები უსაფრთხოების ძალებს დაუპირისპირდნენ პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომის მოთხოვნით გამართული დემონსტრაციების დროს.
პარასკევს დემონსტრანტებმა მოლოტოვის კოქტეილები და პიროტექნიკა ისროლეს პრემიერ-მინისტრის ოფისის მიმართულებით, რის შემდეგაც პარლამენტისკენ დაიძრნენ, სადაც მათ სპეცრაზმი დახვდა. დაპირისპირება პარლამენტის მიმდებარე ქუჩებში დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, იტყობინება სააგენტო AFP-ის ჟურნალისტი, რომელიც მოვლენების ადგილზე იმყოფებოდა.
პოლიციის განცხადებით, დაახლოებით 30 ადამიანი დააკავეს, ხოლო ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ აღნიშნა, რომ მისი 40-მდე მხარდამჭერია დაკავებული.
დედაქალაქის ქუჩებში საპროტესტო აქციები არაერთხელ გაიმართა მას შემდეგ, რაც დეკემბერში ვიცე-პრემიერ ბელინდა ბალუკუს ბრალი სპეციალურმა პროკურატურამ წარუდგინა. ბალუკუ, რამას ახლო თანამებრძოლი, კორუფციული სკანდალის გამო შეუჩერდა უფლებამოსილება, რომლის გამოძიებაც ამჟამად მიმდინარეობს. რამას მთავრობის რამდენიმე ყოფილი მინისტრი ასევე გახდა კორუფციული გამოძიების სამიზნე.
ალბანეთისა და ოპოზიციური პარტიების დროშებით, ათასობით ადამიანი შეიკრიბა პარასკევს საპროტესტო აქციაზე, სკანდირებდნენ რა „რამა, წადი!“ და „რამა ციხეში!“.
„ჩვენ გადავარჩენთ ალბანეთს ედი რამასგან, რომელმაც ქვეყანა სიღარიბესა და კორუფციაში ჩაძირა“, – განაცხადა ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის ლიდერმა სალი ბერიშამ. „იცოდნენ, რომ მზის იქითაც რომ წავიდნენ, ვიპოვით და კანონის მთელი სიმკაცრით დავსჯით“, – დასძინა ბერიშამ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ალბანა კოჩიუმ დაგმო არეულობა, მომიტინგეებს „ვანდალიზმში“ დასდო ბრალი და განაცხადა, რომ პოლიციაზე თავდასხმა „დანაშაულია“.
რამას სოციალისტურ პარტიას ალბანეთის პარლამენტში კომფორტული უმრავლესობა აქვს მას შემდეგ, რაც გასულ წელს ზედიზედ მეოთხე ვადა მოიგო. ევროკავშირში 2030 წლისთვის გაწევრიანების მიზნით, ალბანეთის პოლიტიკაში დიდი ხანია მწვავე მეტოქეობაა მემარცხენე და მემარჯვენე პარტიებს შორის, რა დროსაც ორივე მხარე ხშირად ადანაშაულებს ერთმანეთს კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირებში.
#პოლიცია
#ევროკავშირი
#კორუფცია
#დემოკრატიული პარტია
#არეულობა
#ალბანეთი
#ტირანა
#ედი რამა
#საპროტესტო აქცია
#ბელინდა ბალუკუ
წყარო: www.aljazeera.com
გაზიარება